19 დეკემბერს, "საქართველოს მწვანეთა პარტიამ" და "ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა", სოფელ ნორიოს მაცხოვრებლებთან ერთად, პარტიის ოფისში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

საუბარი შეეხო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, სოფელ ნორიოსთან ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის შესახებ. ითქვა, რომ შერჩეულ ტერიტორიაზე ნაგვის შეტანა დაუშვებელია, რადგან ეს უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ეს არის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ადგილი, სადაც განთავსებულია რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი.

20 დეკემბერს კი საპროტესტო აქცია იმ ადგილას გაიმართა, სადაც ნაგავსაყრელის განთავსება იგეგმება. სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე თავი უამრავმა ადამიანმა მოიყარა. აქციას მწვანეთა პარტიის ხელმძღვანელი გიორგი გაჩეჩილაძე და ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება ღუთქვეს. სოფელში მოქმედი ტაძრის წინამძღვარმა აღნიშნული ტერიტორია, რომელიც 70 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს მოიცავს, აკურთხა.

აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას მკაცრად აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ იმ ადგილას სადაც მათი წინაპრების სისხლი დაღვრილა, ნაგვის დაყრის უფლებას არავის მისცემენ.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტებმა უკვე გააგზავნეს შესაბამისი წერილები საპატრიარქოში, ქალაქ თბილისის მერიაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში და კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში. აგრეთვე, ცენტრის მიერ გაგზავნილ იქნა წერილი ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტის გადმოცემის მოთხოვნით. უახლოეს დღეებში მერიაში შევა ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ადმინისტაცული საჩივარი ნაგავსაყრელის მშენებლობის გაუქმების მოთხოვნით.
|