"საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე წლევანდელი არჩევნების შედეგები შეაფასა:
"_ როგორც ცნობილია, წინასაარჩევნოდ ცესკო-მ "მწვანეთა პარტია" არ დაარეგისტრირა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "სახალხო-დემოკრატებსა" და ნიკა ივანიშვილს, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მოგვცეს. მე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლდით ჩუღურეთში. ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, რისთვისაც სამი მეთოდი გამოიყენა: ე.წ. "სომხური კარუსელი", ბიულეტენების გაბათილება და ჩვენი ბიულეტენების "ნაციონალებისთვის" მიკუთვნება. ყველა რეკორდი მოხსნა საპარლამენტო ბიულეტენების გაბათილებამ, რამაც 10%(!!!) შეადგინა. ეს ყველაფერი დღისით, მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა. ამის მიუხედავად, არჩევნებში 10 პროცენტი, რეალურად კი _ 20-21% მოვიპოვე. ლოგიკური გათვლებით, ჩვენი პარტიის დარეგისტრირების შემთხვევაში, თბილისის მასშტაბით 16-18 პროცენტს ავიღებდით, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგებით მე-2 ან მე-3 ადგილს დავიკავებდით. ასეთ შემთხვევაში, "მწვანეთა პარტია" გახდებოდა კვალიფიციური სუბიექტი, შეძლებდა საარჩევნო კომისიებში თავისი წარმომადგენლების შეყვანას, დაფინანსებას მიიღებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სატელევიზიო არხებს აუცილებლად მოუწევდათ პარტიის მუშაობის გაშუქება; თუმცა, სააკაშვილის მთავრობას რეალური და უკომპრომისო ოპოზიციური პარტიის გაძლიერება არ აწყობს და ვფიქრობთ, სწორედ ეს იყო რეგისტრაციაში არ გატარების ძირითადი მიზეზი; "მწვანეთა პარტია" სასამართლოს მეშვეობით ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირებული ხმების თავიდან გადათვლას მოითხოვს. სამომავლოდ კი, კონსტიტუციის ფარგლებში, ჩავერთვებით ყველა პოლიტიკურ პროცესში, რაც დაამთავრებს ამ ხელისუფლების პარპაშს ჩვენს ქვეყანაში," _ განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
|