საქართველოს მწვანეთა პარტია - ევროპის მწვანეთა პარტიის სრულუფლებიანი წევრი!                     
სიახლეები

საინფორმაციო

სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930









 

არჩევნების შედეგები

არჩევნების დამთავრებისთანავე, ქართულ მას-მედიაში ფართოდ გაჟღერდა სახელმწიფო კანცელარიაში დამუშავებული ფრაზა: "ჩვენმა სახელმწიფომ წარმატებით ჩააბარა ტესტი დემოკრატიაზე". ეს იყო სააკაშვილის სტილში მოფიქრებული ცრუ საინფორმაციო გზავნილი როგორც საქართველოს მოსახლეობის, ისე _ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიმართ. ძნელია იმის ზუსტად თქმა _ ვინ რამდენად დაიჯერა ეს მესიჯი; თუმცა, ხელისუფლების ანტიდემოკრატიულობასა და არჩევნების ტოტალურად გაყალბებაში ამ წერილით კიდევ ერთხელ დარწმუნდებით.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მასიურად გაჩნდა ზოგიერთი პარტიისა თუ ცნობილი ადამიანის მოწოდება: "არ წახვიდეთ არჩევნებზე, ეს უპერსპექტივო და მიზანშეუწონელი ნაბიჯი იქნება"! ადვილი მისახვედრია, ვისი დავალებით მოქმედებდნენ მოწოდების ავტორები. ამ ფაქტმა "საქართველოს მწვანეთა პარტიის" შეშფოთება გამოიწვია, რომლის ლიდერებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.
"_ პარადოქსული ფაქტია: წლევანდელი არჩევნების თარიღის დადგენამდე, ყველა პარტია აცხადებდა, რომ 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზოციამ აშკარად მოიგო; როდესაც გაირკვა ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოთა არჩევნების ჩატარების თარიღი, უცებ ზოგმა პარტიამ დაიწყო მოწოდებები _ ხალხო, არ წახვიდეთ არჩევნებზე, ამას აზრი არ აქვსო. თუ ოპოზიცია ხელისუფლებაზე გარკვევით ძლიერია, რატომ არ უნდა წავიდეს არჩევნებზე მოსახლეობა? გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არჩევნებზე არ წასვლის სანაცვლოდ, "ნაციონალების" აქტივისტები "ათას" შეღავათს ჰპირდებიან თბილისელებს. რეალურად, რაც მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით გამარჯვების მეტი შანსი ექნება ოპოზიციას,"- განაცხადა პრესკონფერენციაზე "მწვანეთა პარტიის" გენერალურმა მდივანმა, გიორგი გაჩეჩილაძემ.
მართალია, ეთერში ხშირად გადიოდა ცესკო-ს რეკლამა, რომელიც არჩევნებზე წასვლისკენ მოგვიწოდებდა, მაგრამ "ნაციონალების" აქტივისტები სულ სხვა რამეს "ჩალიჩობდნენ". ბუნებრივია, ეს "ჩალიჩის" ერთადერთი მეთოდი არ იყო: როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, წინასაარჩევნოდ რეგისტრაცია 26-მა (!!!) პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გაიარა (ზოგი მათგანის სახელწოდებაც კი არ აქვს გაგონილი ფართო საზოგადოებას). ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: თუ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი პარტია (რესპუბლიკური და დემოკრატიული) ნებისმიერი არჩევნების ჩატარებას ახერხებს, საქართველოს რაში სჭირდება ასეთი პარტიული მრავალფეროვნება? რა თქმა უნდა, ეს ამომრჩეველთა დაქსაქსვის კიდევ ერთი, აპრობირებული მეთოდია ისევე, როგორც _ გულზე მჯიღმცემელი მერობის კანდიდატების სიმრავლე. 
სააკაშვილის ნაცად მეთოდთა შორის, ასევე ცნობილია რეალურად ოპოზიციური და მაღალრეიტინგული პოლიტიკური ძალების გზიდან ჩამოშორება. მისი დავალებით, წელსაც დაბლოკეს და არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს "საქართველოს მწვანეთა პარტიას"; მიზეზი მართლაც ტრაგიკომიკური იყო: "მწვანეთა პარტიის" ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელმაც მხარდამჭერთა სიები წარმოადგინა, პირადობის მოწმობაში - რეგისტრაციის ადგილზე უწერია: "თბილისი, მისამართის გარეშე". ცესკოს აუცილებლობის შემთხვევაში რომ გაადვილებოდა ხსენებულ პიროვნებასთან დაკავშირება, პარტიის წარმომადგენლის მიერ მოტანილ ბლანკებზე ჩაიწერა მისი ფაქტიური მისამართი.
"მწვანეთა პარტიამ" სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ცესკო-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 15 აპრილს სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ცესკო-ს 3 ადვოკატი და სხვა თანმხლები პირები წარმოადგენდნენ. მათი განცხადებით, ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის რეგისტრაციის ადგილად აუცილებლად უნდა ჩაწერილიყო: "თბილისი, მისამართის გარეშე". იმის მიუხედავად, რომ, მითითებულ მისამართზე არსებული ბინის კუთვნილების დასამტკიცებლად პარტიამ რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერი წარმოადგინა, ცესკო "პირველ ჩვენებას" ბოლომდე მიაწვა. რა თქმა უნდა, სასამართლომ მას დაუჭირა მხარი. წარმოიდგინეთ, ცესკო და სასამართლო, რომლებიც 2003 წლის შემდეგ არაერთხელ გამოიყენეს არჩევნების გაყალბების ძირითად ბერკეტებად, ყველა წვრილმანის ზედმიწევნით შესრულებას ქადაგებენ. ის მაინც აგვიხსნან "კანონის თავგამოდებულმა დამცველებმა", უმისამართო ადამიანის მისამართი რას ნიშნავს? ბუნებრივია, სასამართლოც და ცესკო-ც სახელისუფლებო ხის ორი შტოა და შესაბამისად, ტანდემში შეასრულეს "ზემოდან" მიღებული დაკვეთა: "საქართველოს მწვანეთა პარტია" ახლაც არჩევნების მიღმა დატოვეს.
ჩვენ ისტორიულად ვიცით ვახუშტი ბატონიშვილის "სამართლის წიგნი", ვახტანგ VI-ის "კანონთა კრებული" და სხვა სამართლებრივი ძეგლები. თურმე, სააკაშვილის ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი "სამართლის (თუ – უსამართლობის?!) წიგნს" ცნობს, რომლის მთავარი მიზანია მეტოქესთან ანგარიშსწორება ნებისმიერი მეთოდით. უფრო ზუსტად, ხელისუფლება იმ პოლიტიკური ძალების ბარბაროსულ დევნას ახორციელებს, რომლებიც მის სცენარში არ ეწერებიან. ასე იყო 2007 წელს, როდესაც `საქართველოს მწვანეთა პარტია~ მუშთაიდის ბაღში განლაგებული მისი ისტორიული ოფისიდან 250-მდე(!!!) შეიარაღებული პოლიციელის მეშვეობით გამოაძევეს და ასე მოხდა 2008 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მოგვცეს. იგივე განმეორდა წელსაც.
თუმცა, ყველაზე გამოცდილი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე პოლიტიკური ძალა მაინც არ დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში: "სახალხო დემოკრატებმა" მას არჩევნებში ერთიანი ბლოკით გამოსვლა შესთავაზეს. პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დაფუძნდა; იგი უკვე არაერთ ცნობილ მოღვაწეს აერთიანებს. "სახალხო დემოკრატები" საინტერესო გეგმებით იწყებენ გამოსვლას. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ პარტიასთან უკვე შეიქმნა ფონდი, "თბილისი ჩემი სახლია" და მათ სწორედ "მწვანეებთან" _ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში გაუსვრელ პარტიასთან გადაწყვიტეს პარტნიორობა.
"_ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მწვანეები დაგვთანხმდნენ და ერთ საარჩევნო ბლოკში გავერთიანდით. ჩვენ ვაფასებთ ამ პარტიის, მისი ლიდერის, ბატონ გიორგი გაჩეჩილაძის პოლიტიკურ წარსულს, პროფესიონალიზმს, წესიერებას და პრინციპულობას. მხოლოდ ამ თვისებების მქონე ადამიანებს შეუძლიათ არა მარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა,"_ ასე მიესალმნენ "სახალხო დემოკრატების" ლიდერები იმ ფაქტს, რომ ყველაზე ხნოვანი და ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური ძალების გაერთიანებით ჩამოყალიბდა საარჩევნო ბლოკი: "სახალხო დემოკრატები-ნიკა ივანიშვილი და მწვანეთა პარტია". 
5 მაისს საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინეს ბლოკის კანდიდატები ჩუღურეთის რაიონში, სადაც ზედიზედ ოთხი სახის არჩევნები იყო დანიშნული (დედაქალაქის მერის, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების, საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატებისა და პარლამენტის შუალედური არჩევნები, რადგან იმ დროისთვის ჩუღურეთს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა):
"_ ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში დანიშნულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის "საქართველოს მწვანეთა პარტიის" გენერალური მდივანი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გიორგი გაჩეჩუილაძე. ამავე რაიონში წარვადგენთ მაჟორიტარობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, "საქართველოს მწვანეთა პარტიის" წარმომადგენელს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი შერვაშიძეს. არჩევნებში მონაწილე ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ვთავაზობთ: შევთანხმდეთ და საკრებულოს თავმჯდომარეობიოს პოსტზე მხარი დავუჭიროთ ჩვენს კანდიდატს; მით უფრო, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, აფხაზ ხალხთან შერიგების პროცესი რეალური გახდება, რადგან აფხაზ დიდგვაროვანთა უშუალო შთამომავალს, ბატონ გიორგი შერვაშიძეს დღესაც მჭიდრო კავშირი აქვს აფხაზებთან. აღარაფერს ვამბობთ ბატონ გიორგი გაჩეჩილაძის პიროვნულ თვისებებზე, მის სუფთა პოლიტიკურ წარსულსა და უდიდეს გამოცდილებაზე; უდაოა, რომ ასეთი ენერგიული, წესიერი და დიდი ერუდიციის მქონე ადამიანი ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქის ურთულეს და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი რაიონისთვის,"_ განაცხადა პრეზენტაციაზე "სახალხო-დემორატების" თავმჯდომარემ, ნიკა ივანიშვილმა.
ორი დღის შემდეგ, 7 მაისს, ვახტანგ გორგასლის ძეგლთან, მეტეხის ეკლესიის ეზოში ბლოკის წევრებმა ფიცი დადეს, რომ ბოლომდე იბრძოლებენ ქვეყნის კეთილდღეობისა და აღმშენებლობისთვის. ფიცის დადების ცერემონიალზე ჟურნალისტებს გააცნეს საპროგრამო დეკლარაცია, სადაც დეტალურად იყო ჩამოყალიბებული პრიორიტეტული მიმართულებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "მწვანეთა პარტიაში", სპეციალურად ჩუღურეთის რაიონისთვის, საპროგრამო დოკუმენტი მოამზადეს:
"ჩვენ, გიორგი გაჩეჩილაძე და გიორგი შერვაშიძე, ვგეგმავთ, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად, ჩამოვაყალიბებთ "ჩუღურეთის განვითარების ფონდს", რომლისთვისაც ფინანსები შეგროვდება საზღვარგარეთიდან მიღებული გრანტებით, შემოწირულობებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი და სხვა სახსრებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ "საქართველოს მწვანეთა პარტია" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალის, "ევროპის მწვანეთა პარტიის" მმართველი საბჭოს წევრია (რომელსაც გავლენიანი ფრაქცია აქვს ევროპის პარლამენტში), დაგვერწმუნეთ, ფონდის ფუნქციონირება წარმატებული და შედეგიანი იქნება. ფონდს მხოლოდ ჩუღურეთელები უხელმძღვანელებენ. მისი მმართველი საბჭო ჩუღურეთის ყველა უბნის წარმომადგენლით იქნება დაკომპლექტებული; გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ერთად ვიზრუნებთ: ჩუღურეთის მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადის რეალურად შემცირებაზე, დასაქმებაზე, პენსიებისა და შემწეობების ზრდაზე. ფონდი ჩუღურეთში მცხოვრებ ყველა ოჯახს დაუდგება გვერდით იმის განურჩევლად, ჩვენი კანდიდატების მომხრეა თუ არა; "ჩუღურეთის განვითარების ფონდის" შექმნა რეალობად იქცევა, თუნდაც _ იმიტომ, რომ "საქართველოს მწვანეთა პარტიას" პატივს სცემენ არა მარტო საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, არამედ ევროპაშიც. ჩვენი უცხოელი მეგობრები და პარტნიორები მზად არიან, მხარი დაუჭირონ `მწვანეთა პარტიის~ ნებისმიერ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წამოწყებას,"_ ვკითხულობთ ხსენებულ საპროგრამო დოკუმენტში, სადაც დეტალურად იყო გაწერილი, კონკრეტულად როგორ აპირებდნენ თითოეული დაპირების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ "მწვანეთა პარტიის" ორივე წარმომადგენელმა წინასაარჩევნო პერიოდში ასზე მეტი შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრებზეც და პირად საუბრებშიც ჩუღურეთელები ისევე, როგორც ალბათ მთელი საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ამჟამინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებდა. ბუნებრივია, სააკაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის. ამიტომაც იყო, რომ წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბევრ სარელამო ბანერზე "ქვეყანაზე მზრუნველ" პრეზიდენტს შენიშნავდით. ასევე შეამჩნევდით ასფალტის დაგების არნახულ მასშტაბს, მერიის მიერ დაფინანსებული სამედიცინო ოპერაციების უჩვეულო სიმრავლეს და სახელმწიფო რესურსების სახელისუფლებო პარტიისთვის გამოყენების არაერთ შემთხვევას. სააკაშვილის ჩვეული თავხედობის პიკს წარმოადგენდა მისი შეხვედრა საკუთარი გუნდის წევრებთან 30 მაისს, საღამოს 9 საათზე, როდესაც მათივე ეგზიტპოლის პირველი შედეგები გამოქვეყნდა. "ნაციონალების ბელადი" უამრავი კანონდარღვევით, სახელისუფლებო ბრჭყალებით მოპოვებულ, ყალბ გამარჯვებას ზეიმობდა. 
არჩევნების შემდეგ, (რომელსაც მავანთა და მავანთა თვალში ნაცრის შესაყრელად, "დემოკრატიაზე ბრწყინვალედ ჩაბარებული ტესტი" უწოდეს), ჩუღურეთში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე სხვა რაიონების მსგავსი შედეგები დაფიქსირდა: "ნაციონალებმა" ამ რაიონში 67% აიღეს. გიორგი გაჩეჩილაძემ 10% მოიპოვა. 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა წლევანდელი არჩევნების შედეგები შეაფასა:
"_ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, რისთვისაც სამი მეთოდი გამოიყენა: ე.წ. "სომხური კარუსელი", ბიულეტენების გაბათილება და ჩვენი ბიულეტენების "ნაციონალებისთვის" მიკუთვნება. ყველა რეკორდი მოხსნა საპარლამენტო ბიულეტენების გაბათილებამ, რამაც 10%(!!!) შეადგინა. ეს ყველაფერი დღისით, მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა. ამის მიუხედავად,  არჩევნებში 10 პროცენტი, რეალურად კი _ 20-21% მოვიპოვე. ლოგიკური გათვლებით, ჩვენი პარტიის დარეგისტრირების შემთხვევაში, თბილისის მასშტაბით 16-18 პროცენტს ავიღებდით, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგებით მე-2 ან მე-3 ადგილს დავიკავებდით. ასეთ შემთხვევაში, "მწვანეთა პარტია" გახდებოდა კვალიფიციური სუბიექტი, შეძლებდა საარჩევნო კომისიებში თავისი წარმომადგენლების შეყვანას, დაფინანსებას მიიღებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სატელევიზიო არხებს აუცილებლად მოუწევდათ პარტიის მუშაობის გაშუქება; თუმცა, სააკაშვილის მთავრობას რეალური და უკომპრომისო ოპოზიციური პარტიის გაძლიერება არ აწყობს და ვფიქრობთ, სწორედ ეს იყო რეგისტრაციაში არ გატარების ძირითადი მიზეზი; "მწვანეთა პარტია" სასამართლოს მეშვეობით ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირებული ხმების თავიდან გადათვლას მოითხოვს. სამომავლოდ კი, კონსტიტუციის ფარგლებში, ჩავერთვებით ყველა პოლიტიკურ პროცესში, რაც დაამთავრებს ამ ხელისუფლების პარპაშს ჩვენს ქვეყანაში," _ განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
ჩვენი სახელმწიფოსი და დემოკრატიისა რა გითხრათ, მაგრამ "ნაციონალთა" მარბიელმა ლაშქარმა კი კანცელარიის სცენარით დადგმული სპექტაკლი მართლაც წარმატებით ჩააბარა თავისი ბელადის წინაშე.    



პოლიტიკა | 2010-06-08
 

უკან



 
ძიება საიტზე
 ქართულად

ვიდეო არქივი
           2007  წელი
გამოწერა
ელ-ფოსტა


  
გამოკითხვა

როგორ აფასებთ ამ ვებგვერდს?









რეიტინგი
          რეიტინგები