23 ივნისს “საქართველოს მწვანეთა პარტიის” გენერალურმა მდივანმა, გიორგი გაჩეჩილაძემ პრესკონფერენცია გამართა გარემოს დაცვის სამინისტროს მოსალოდნელ გაუქმებასთან დაკავშირებით.

როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, ახალი სამთავრობო ცვლილებების შედეგად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის და დეპარტამენტის სტატუსს იძენს, რაც ყოვლად დაუშვებელია. გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ამ საკითხს ბენდუქიძის კადრი, პრემიერ მინისტრის მრჩეველი, ვატო ლეჟავა ლობირებს. კახა ბენდუქიძის განუხორციელებელი გეგმის ხორცშესხმისათვის ახალი გზები გამოიძებნა. იმისათვის რომ, მარტივად გაიყიდოს საქართველოს წიაღისეული, ტყეები, მდინარეები და უამრავი სხვა რამ, აუცილებელია გარემოს დაცვითი სტრუქტურა ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდეს. სხვა შემთხვევაში “ბენდუქიძის იდეები” ვერ განხორციელდება.
მოსალოდნელი ქმედება ყოველგვარ კონსტიტუციურ ზღვარს სცდება და ინიციატორთა რეალურ მიზნებს ხდის ფარდას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი.
“საქართველოს მწვანეთა პარტია” მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, არ იქნას გადაგმული მსგავს სახის ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია სამინისტროს გაუქმებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და საქმეში საერთასორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩართავს.
|